პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მოსკოვში - ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.
რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს". რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტოები და ინფორმაცია 2022 წლის 4 აპრილით თარიღდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს "პატრიოტთა ალიანსი" წავა მოსკოვში თუ არა საქართველოს მომავლისთვის.
"ჩემი აზრით არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ირმა ინაშვილი და "პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში წავლენ თუ არ წავლენ საქართველოს მომავლისთვის. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის. "პატრიოტთა ალიანსი" აჩვენებს, რომ ყველაზე პრორუსი არის თვითონ. თქვენ იცით, რომ სხვა პარტიებიც შვებოდნენ ამას ამასწინათ, როდესაც მოსკოვში წასვლას და ა.შ. ცდილობდნენ იმის საჩვენებლად, რომ როგორი გულმხურვალე რუსები და პუტინისტები არიან," - ამბობს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელს გახდის როგორ იმოქმედებს "ლელო" ხელისუფლებაში მოვლის შემდეგ იმისთვის, რომ აღკვეთოს რუსეთის შესაბამისი გავლენა ჩვენს პოლიტიკურ პროცესზე სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
"საზოგადოებისთვის ნათელს გახდის როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის შესაბამისი გავლენა ჩვენს პოლიტიკურ პროცესზე ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მსგავს ვითარებაში მოსკოვში ვიზიტის განხორციელება აბსოლუტურად მიუღებელია.
"მსგავს სიტუაციაში ასეთი ვიზიტების განხორციელება მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, მაშინ, როდესაც შენი პარტნიორის მიმართ ხორციელდება გაუგონარი აგრესია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.