ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად განცხადება მიიღო.
განცხადების თანახმად, კომიტეტი იწვევს NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, თუ საქართველო უერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკასა და სანქციებს, რომლებიც მიმართულია ბელარუსისა და რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული პერსპექტივა და ორივე ქვეყანა არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე, რომელიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ.