07 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
"თუ ვინმე თანამშრომლობს "პატრიოტთა ალიანსთან", ესაა რუსული "ოცნება" - ენმ-ში მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხეს

მმართველი გუნდის ბრალდებებს, რომელიც ნეიტრალიტეტის თემაზე "ნაციონალური მოძრაობისა" და პატრიოტთა ალიანსის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს, ოპონენტები პასუხობენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები სწორედ "ოცნებასთან" თანამშრომლობენ, ხოლო მათი პარტიის დეკლარირებული პოზიცია NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერაა.

"ეს ტალახი აიღო და ოპოზიციის მხარეს ისროლო, ამას არავინ არ დაიჯერებს. რომ გითხრათ ახლა, რომ ჩვენ და "პატრიოტთა ალიანსი" ვგიჟდებით ერთმანეთზე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 100%-დან 95%-ს უბრალოდ რეაქციაც არ ექნება ამაზე. თუ ვინმე ვინმესთან თანამშრომლობს, ეს არის რუსული პარტია, რუსული "ოცნება", ვგულისხმობ, ცხადია, "ქართულ ოცნებას" და შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში ერთად მოქმედებდნენ. ამაზე არც უნდა ვსაუბრობდეთ, ჩვენი დეკლარირებული პოზიციაა, ცხადია NATO-ში გაწევრიანება, ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ თუ მარტო დავრჩებით ჩვენს მტერ რუსეთთან, ცხადია შეგვექმნება პრობლემები," - აცხადებს ხაბეიშვილი.

შეფასებებს აკეთებენ სხვა პარტიებიც, "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ მთავარი კონტექსტია.

"მეც ვსაუბრობ ნეიტრალიტეტზე, როცა მეკითხებიან, მაგრამ ვსაუბრობ უარყოფით კონტექსტში - ამას აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი დანაშაული კი არ არის, როდესაც ნეიტრალიტეტს ყიდიან მშვიდობის სახელით, ეს არის ძალიან სახიფათო, რადგან არსად რუსულ ნეიტრალიტეტს მშვიდობა არ მოუტანია, მათ შორის, არც უკრაინაში და მოლდოვაში. თუ მკითხავთ, რა განსხვავებაა ნეიტრალიტეტსა და პარტნიორობას შორის - არის დიდი განსხვავება. ორი ვარიანტი გვაქვს - ან დავრჩეთ მარტო ან ვიყოთ პარტნიორებთან ერთად. თავისუფლება შეიცავს ხიფათს, რისკებს, მაგრამ ამის გამო თავისუფლებაზე არცერთი ღირსეული ერი და ადამიანი არ იტყვის უარს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები