რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა - 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა ქალაქ იზიუმთან რუსულ ბომბებს 2 დღის წინ შეეწირნენ. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ 6 ქართველი, მათ შორის მოკლული ნიკოლოზ შანავას ძმა, ლუკა. მათი სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ექიმები იბრძვიან.
საქართველოს დიპლომატიური მისიის ცნობით, ოკუპანტთან ბრძოლისას დაღუპული მოქალაქეების ცხედრებს საქართველოში კვირის ბოლოს გადმოასვენებენ. 47 დღიან ომში კი სულ 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთ-ერთი მათგანი ბახვა ჩიქობავა ქალაქ მარიუპოლთანაა მოკლული და მისი გადმოსვენება სამშობლოში იქ მიმდინარე მძიმე შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ქალაქ იზიუმთან საომარ მოქმედებებში გადარჩენილი ქართველი მებრძოლები 9 აპრილის მოვლენებს "კურიერთან" იხსენებენ. გვიყვებიან, რომ საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ქართულ დანაყოფზე მაშინ მიიტანეს, როდესაც 12 კაციანი შემადგენლობა 18 საათიანი წარმატებული სპეცოპერაციიდან უკან ბრუნდებოდა.
დავით მენაბდიშვილი გამოცდილი სამხედრო იყო და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომშიც იბრძოდა. 2014 წელს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. დღეს ოჯახის წევრებს მის შესახებ წარსულში საუბარი ემოციების გარეშე უჭირთ.
გარდაცვლილი სამხედროების ჩამოსვენებას ელოდებიან ოჯახის წევრები. უკრაინაში, საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ პროცედურები უკვე დაწყებულია და ქართველ მებრძოლებს სამშობლოში კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ.