16 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
გვსურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი იმ მომენტიდან, როცა ერთიანობა იქნება - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთშია - ილია დარჩიაშვილმა ვიზიტი ევროპულ საქმეთა მინისტრთან მუკულაშ ბეკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობა, საქართველოს მიერ წევრობის განაცხადი, კითხვარის შევსება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერაა. ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში ჩეხ კოლეგას და ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდა.

"ჩვენ ამ საკითხებზე გვქონდა ყოვლისმომცველი განხილვა. მე მადლობელი ვარ მინისტრის მისი მზადყოფნისთვის, ისაუბროს საქართველოს ევროპულ გზაზე. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტი და ჩვენ დავიწყეთ კარგი ურთიერთობა. ნამდვილად მაქვს იმედი ჩემი კოლეგისა და ჩეხეთის რესპუბლიკის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნებიან," – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს დაეხმაროს, რომ მათ ევროკავშირთან მეტად დაახლოება შეძლონ. მინისტრის თქმით, ჩეხეთს სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა იმ მომენტიდან, როდესაც ერთიანობა იქნება.

"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს დავეხმაროთ, რათა რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ევროკავშირთან. არის განხილვა ტრადიციულ წევრებსა და ახალი ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკური მსჯელობა, ეს არის პოლიტიკური დებატი და ჩეხეთის პრეზიდენტობის განმავლობაში ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ, რადგან გვსურს საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი იმ მომენტიდან, როცა ერთიანობა იქნება. რა თქმა უნდა მე დაგეხმარებით," - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

დღის ამბები