უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის შეტევა ძლიერდება - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები დონეცკის და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ, რათა ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გახსნან.
"მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევისა და ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებისკენ. ბოლო საათებში, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებში მოგერიებულია 7 შეტევა. მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.
ოპერაციისთვის რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში განათავსა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო საშუალებები და განაგრძობს რუსეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უკრაინაში შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის და დამატებითი ქვედანაყოფების გადასროლას," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ტაქტიკურ-ოპერატიულმა ავიაციამ უკრაინის 84 სამხედრო სამიზნეს დაარტყა, ასევე დნეპროპეტროვსკში "ტოჩკა უს" ტაქტიკური რაკეტების ელემენტების შესაკეთებელი ქარხანა გაანადგურა.
"რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ტაქტიკურ-ოპერატიულმა ავიაციამ დაარტყა 84 უკრაინის სამხედრო სამიზნეს, დნეპროპეტროვსკში გაანადგურა "ტოჩკა უს" ტაქტიკური რაკეტების ელემენტების შესაკეთებელი ქარხანა, ასევე ტერიტორიული თავდაცვის სამეთაურო ცენტრი სოფელ ზელენ პოლეს მიდამოში, საბრძოლო მასალის ორი საწყობი და საწვავის საცავი - სოფელ ჩერვონა პოლიანას მიდამოში. გარდა ამისა, ჩვენმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს მტრის პერსონალის 47 უბანსა და 22 უკრაინულ საარტილერიო საცეცხლე პოზიციაზე," - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.
თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმოდა განგაშის ხმა - ურთულესი ვითარებაა მარიუპოლში, სადაც "აზოვსტალის" ქარხანაზე სადაც ასობით მოქალაქე აფარებს თავს შტურმი დაიწყო, თუმცა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მყოფი ქალაქი ისევ დგას და არ ნებდება.
შეტევა გრძელდება ხარკოვზეც - მოსახლეობას ხელისუფლება სთხოვს აღდგომის დღესასწაულზე თავი შეიკავონ სახლების დატოვებისა და სასაფლაოებზე გასვლისგან, ვინაიდან სასაფლაოებიც იბომბება.