16 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
დავეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, NATO-ს კარი ღია რჩება თქვენი ქვეყნისთვის - ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტშია. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.

თემა - კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობა იყო. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

აპატურაის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში. ამის ფონზე კი, მისი თქმით, NATO მზადაა კიდევ უფრო დაუჭიროს საქართველოს მხარი კიბერუსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთი ეკონომიკურ და დიპლომატიურ იზოლაციაში მოვაქციოთ. ასეთ რთულ პოლიტიკური ვითარებაში ვცდილობთ გავაკეთოთ მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და სხვა პარტნიორებს ევროპაში.

რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში. ეს ცვლილება საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. დავეხმარებით საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით. კარი ღია რჩება თქვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ეს კონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. NATO-ს სურს დაინახოს რეფორმების გაგრძელება თქვენს ქვეყანაში, ასევე, ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვსურს ვიხილოთ ერთ მაგიდასთან ოპოზიცია და მთავრობა. საქართველოს ძალიან რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს უსაფრთხოების კუთხით. მაქსიმუმს გავაკეთებთ რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ  ომი შევაჩეროთ," - განაცხადა ჯეიმ აპატურაიმ.

გარდა ამისა, აპატურაის მოხსენებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ვიზიტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილად აფასებს.

"აპატურაის ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი. ეს, ერთის მხრივ, არის პოლიტიკური გზავნილი რომ NATO აღრმავებს საქართველოსთან პარტნიორობას და, მეორეს მხრივ, იმ აგრესიის ფონზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, კიდევ ერთხელ არის იმის გზავნილი რომ NATO ზრუნავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას შეფასებით კი, აპატურაისთან საუბრისას საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. 

ამასთან, ბერაიას განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საუბარი შეეხო, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარების გადაუდებელ საჭიროებაზე.

დღის ამბები