მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დარღვეული აქვს ძილის რეჟიმი და დროდადრო ერღვევა კიდურების ფუნქციონირებაც:
"გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობის პროგრამა იყო ბლეფი, რეფიდინგის, ანუ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. მე ახლა ვარ იმ წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, კვირას დავკარგე მთლიანად ფეხების კონტროლი. იწვევს ტკივილებს ხელებში, ფეხებში და ტკივილგამაყუჩებლებით ხდება ამის მოხსნა. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და თქვეს რომ მდგომარეობა მძიმეა. გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამედიცინო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით გამომიყვანეს. საპატიმრო არაა მორგებული ამის მკურნალობას, მაგრამ მადლობელი ვარ იქაური ექიმების და იმ ექიმის ვინც მომყვა აქ და გამომიყვანა მდგომარეობიდან. წეღან უბრალოდ წამერთვა ყველაფერი ხელახლა ისევ და ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნემსი. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ამ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ, საწუწუნოდ არ მოვსულვარ, თავის შესაცოდებელი არაფერი არ მჭირს. ვიცოდი რაზეც მივდიოდი. მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველო გადაგვერჩინა, როგორ გამომივიდა ეს, ამას ხალხი და ისტორია განსჯის, რა თქმა უნდა, ძალიან გული მეთანაღრება, რომ ვერ ვიყენებ მთელ ჩემს პოტენციალს უკრაინის დასახმარებლად, იმიტომ რომ იქ წყდება ჩვენი ბედი, მაგრამა აქაც წყდება ჩვენი ბედი.
რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ესაა მუდმივი ზოგადი სისუსტე, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის, იმიტომ რომ ეს არის პოსტტრავმული სინდრომი. ვიღებ იმავე წამლებს ტკივილგამაყუჩებელს და დამამშვიდებელს, რასაც ვიღებდი კოვიდის მერე ციხეში მოხვედრამდე. ახლა ნეიროპათიასთან დაკავშირებული წამალი მოვითხოვე და მოვითხოვე ვიტამინი, რომელსაც ასევე ვიღებ. ექიმი რომელიც "ვივამედიდან" მოვიდა თამარ აბაშიძე, დასვა დიაგნოზი, ეს დიაგნოზი მოხვდა პრესაში და ამ ქალბატონის მეუღლე რომელიც იყო ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან, იმის გამო რომ მან დასვა ობიექტური დიაგნოზი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სხდომაზე მიხეილ სააკაშილის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ცენტრი ემპათიის ბაზაზე შექმნილ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ საშუალება, რომ სისტემატიურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში და მეთვალყურეობა გაუწიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.