18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
უკრაინა მზად არის, მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაატაროს - პოდოლიაკი

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაატაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი "ტვიტერზე" წერს.

"დიახ, ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, "მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი" სწორედ მარიუპოლში ჩავატაროთ, ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ. ყველა, იმიტომ რომ ისინი ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ," - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობა დილიდან განახლდება. უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა გუშინ რუსულმა მხარემ ვერ შეძლო.

"აზოვის პოლკის" მეთაურის მოადგილე კი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციისთვის მზად არიან.

სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან მარიუპოლში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები გამართონ. მარიუპოლის მცველები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ რუსეთის ულტიმატუმი იარაღის დაყრასთან და დანებებასთან დაკავშირებით.

"დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - ესენი არიან დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად აქ დარჩენილი სამხედრო ნაწილების ევაკუაციის შესახებ. ჩვენ მზად ვართ, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით ქალაქ მარიუპოლიდან ჩვენი ცეცხლსასროლი იარაღით ევაკუაცია მოვახდინოთ, რათა ჩვენი სამხედრო შემადგენლობა გადავარჩინოთ, გამოვიყვანოთ დაჭრილები და გადავიტანოთ დაღუპულთა ცხედრები, რათა პატივით დავკრძალოთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს. მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდეს," - განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა. 

დღის ამბები