რეგიონის კიდევ მეტი დესტაბილიზაციის მიზნით, რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია მოახდინოს. ამის შესახებ წერია ანგარიშში, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა.
სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მწვავე ეკონომიკური სანქციების, უკრაინის წინააღმდეგობის და მისი სამხედრო დახმარების ფონზე, პუტინს ისევ რჩება გზები დესტაბილიზაციისთვის, რათა უკრაინაში წარუმატებლობის მიუხედავად, საკუთარი თავის პოლიტიკურ გადარჩენას შეეცადოს. სავარაუდო სცენარებს შორის კი სამეზობლოში აგრესიის გაგრძელებაა.
"უკრაინაში წარუმატებლობა, პუტინის პოლიტიკური გადარჩენას რისკის ქვეშ აყენებს და შესაბამისად, ის უკან არ დაიხევს. მისი ამჟამინდელი სიძნელეები, სავარაუდოდ, მოახდენენ უკრაინაში და მის გარეთ ესკალაციის პროვოცირებას, როგორც სამხედრო, ისე სხვა სფეროებში. რუსეთის მთავრობამ შესაძლოა გააგრძელოს ჩარევა დნესტრისპირეთში ან მოახდინოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რაც რეგიონულ სტაბილურობას კიდევ უფრო გაართულებს," - წერია ანგარიშში.
სავარაუდო სცენარებს შორის აღწერილია კიბერმექანიზმების სრული მასშტაბით ამოქმედება, ენერგორესურსების შეფერხება, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეც.
ამერიკის ადმინისტრაცია სავარაუდო საფრთხეებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკა მისი პარტნიორების მიმართ ერთგულია.
"საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ეს მხარდაჭერა და პარტნიორობა საქართველოსთან სხვადასხვა გზით დავადასტურეთ. მათ შორის, ბოლო თვეებშიც. არ ვაპირებ ჰიპოთეტურ მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დავინახოთ მოსკოვიდან, თუმცა როგორც უკრაინის შემთხვევაში დავადასტურეთ, ერთგულები ვართ მთელს რეგიონში პარტნიორების მიმართ. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რუსული აგრესიის აჩრდილს კარგად იცნობს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გაუძლო აგრესიას 15-იოდე წლის წინ, 2008 წელს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
რუსული პროვოკაციების საფრთხეს, ოკუპირებული ცხინვალის ანექსიასთან დაკავშირებით ხედავს ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი. მით უმეტეს, მარიონეტულმა რეჟიმმა რეფერენდუმის თემაც წამოწია.
"საქართველოსთან დაკავშირებით, ძალთა არასიმეტრიული ბალანსია. გარკვეული ხალხი სამხრეთ ოსეთიდანაც მოითხოვს ინტეგრაციას. ეს შეიძლება მათი ერთგვარი "გამარჯვების" ნაწილიც იყოს, რადგან მისი ზომის გათვალისწინებით, საქართველო უკრაინასთან შედარებით, ადვილად დამარცხებადია. გაეროს გენერალური მდივნის სურვილს, მოსალაპარაკებლად შეხვდეს ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯერ პასუხი არ მოჰყოლია. ჩვენ ვკითხეთ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მიესალმება თუ არა ამერიკა ამ ნაბიჯს და საერთოდ აქვს თუ არა აზრი, უკრაინის თემაზე პუტინთან მოლაპარაკებას," - განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა რიჩარდ უეითზმა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის შემცირებას და საბოლოოდ, დიალოგით და დიპლომატიით ამ საომარი მოქმედებების დასრულებას. ეს არის ის, რის ნახვაც გვსურს და ეს არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სურთ რომ მოხდეს. ჩვენს უკრაინელს პარტნიორებს ყოველ ნაბიჯზე სურდათ რუსეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა, თუმცა ვნახეთ, რომ ამ პროცესმა არსებითი შედეგი არ მოიტანა. არა ძალისხმევის ან სურვილის არქონის გამო უკრაინელი პარტნიორების მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ კრემლი დიპლომატიურ ინიციატივებში არასერიოზულობას იჩენს," - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.
გენერალური მდივნის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები. მათი თქმით, უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, შედეგის არქონის მიზეზი, მედიატორების ნაკლებობა არ ყოფილა.