აღდგომა ჭურვების ქვეშ - უკრაინა აღდგომის დღესასწაულს რუსული აგრესიის ფონზე ხვდება. ვიდრე დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო, მათ შორის რუსეთი, აღდგომის დადგომას ზეიმობს, კიევის ოლქში წამებით მოკლული ადამიანების ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ. რუსულ ჭურვებს ვერ გადაურჩა ვერც ეკლესიები.
"კურიერი" დღეს სოფელ რომანოვკაში შევიდა - ადგილობრივებს არ მიეწოდებათ წყალი, ელექტროენერგია, გაზი, მათი ერთადერთი დახმარების იმედი ჰუმანიტარული ტვირთია. "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც ფრონტის ხაზზე მუშაობს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მძიმე სურათი დახვდა. განადგურებულია სიწმინდეები და საეკლესიო სიმბოლოები.
"აქ ამ ადგილას ხის ეკლესია იდგა, წმინდა გიორგის სახელობის იყო. მისი ხატი, რომელიც დამტვრეული და დაბზარულია აქვე შესასვლელთან იდგა. პატარა ლამაზი ეკლესია იყო... ახლა კი ხედავთ მისგან რაც დარჩა," - უყვება "კურიერს" რომანოვკას ეკლესიის წინამძღვარი.
დაზიანებულია მთავარი ტაძრის შენობაც, თუმცა სასულიერო პირები უკვე ცდილობენ ის საკუთარი ხელით აღადგინონ.
აღსანიშნავია, რომ გადარჩა ათეულობით ადამიანიც, რომელიც აქ თავს აფარებდა. დედა ტატიანა "კურიერთან" უმძიმეს დღეებს იხსენებს, როდესაც სოფელ რომანოვკაში მცხოვრებ მშვიდობიან მცხოვრებლებთან ერთად რუსულ ჭურვებს ემალებოდა.
"24 თებერვლის შემდეგ სულ ასე იყო.. მოდიოდნენ ქალები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. სხვადასხვა დღეებში 30-40-50 ადამიანი ვიყავით აქ. იბომბებოდა ძლიერი აფეთქებები იყო, ფანჯრები იმსხვრეოდა საშინელი ხმები ისმოდა. ყურებზე ხელს ვიფარებდით და ვწვებოდით. მუდმივად გვქონდა შეგრძნება რომ დავიხოცებოდით," - ამბობს "დედა ტატიანა.
ტაძარში ასევე ამბობენ, რომ ვინც ტაძარში ვერ ეტეოდა ეზოში მდებარე ცივ სარდაფში აფარებდა თავს. საკვების წყლის და ყოველგვარი პირობების გარეშე.
ვინც თავშესაფარი ვერ იპოვა ან ცდილობდა ომს გაქცეოდა პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. კიევის ოლქში ასეთი ასეულობით ფაქტი მოხდა. მაგალითად ქალაქ ირპენში, სადაც ცხედრებს იქვე მარხავდნენ, სადაც პოულობდნენ. ასეთ სასაფლაოდ იყო ქცეული ირპენის დედის პარკიც. სიცოცხლის სიმბოლოდ დადგმული ძეგლის გვერდით თხრილებია, საიდანაც ახალგაზრდა ქალის და მისი 12 წლის შვილის ცხედრები ამოასვენეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ისინი 5 მარტს ქალაქიდან გაღწევას ცდილობდნენ.
კიევის ოლქში ამ დრომდე ვერც ცხედრების რაოდენობა და ვერც ზარალი ზუსტად ვერ დათვალეს. მხოლოდ ირპენში მინიმუმ 500 ადამიანია მოკლული. ქალაქებსა და სოფლებში შენობების 70%-ზე მეტი დაზიანებული ან მთლიანად განადგურებულია. მოროდიორებმა გაძარცვეს ყველაფერი, რაც ვერ წაიღეს დაწვეს. ყველაზე მძიმე დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
მძიმე ტრავმებით და დანაკარგებით, რომელიც უკრაინელების სახეებზეც ნათლად იკითხება, ახალი იმედის და ცხოვრების გაგრძელების ძალის პოვნას რწმენის დახმარებით ცდილობენ. ახლა უკრაინელები აღდგომისთვის ემზადებიან. ჰუმანიტარულ ცენტრებში მოხალისეები სააღდგომო კვერცხს და პასკებს არიგებენ.