16 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული.

"ავთენტურია, თუ არა არავინ იცის, მაგრამ ასეც რომ იყოს, აქ ბუნებრივია არაფერზეა საუბარი. საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. საქართველოს ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია აქვს დაფიქსირებული. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება ექსპორტი და იმპორტი. ეს ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის.

უკრაინა რომ ავიღოთ, ისინიც ინარჩუნებენ გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება უკრაინაში გაზის მიღება და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს ამაში არაფერია ამორალური,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები