"ლელო - საქართველოსთვის" პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დაბარებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
"რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა ივანიშვილი დავიბაროთ პარლამენტში, ჩვენ დღეს გამოვდივართ ინიციატივით და ამაზე ფორმალურად მივმართავთ შესაბამისად, რომ ინტერპელაციის პროცედურით საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და მათ შორის გუშინდელ ჩანაწერებს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაფორმდება და ველოდებით "პირად თანაშემწე" ღარიბაშვილს," - განაცხადა სამადაშვილმა.
სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
"დაასვენეთ ეს ადამიანი, წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას. გვესაუბრეთ ჩვენ, ქართულ ოცნებას, რომელიც თანმიმდევრულიც არის. წინასწარ ვაცნობეთ საზოგადოებას, რისი დაწყება გინდოდათ, აკერმანის ცნობილი ჯგუფიდან დაწყებული, სხვადასხვა ქვეყნებში თქვენი სიარული, რომ იქნებ როგორმე მოახერხოთ და შეუშალოთ ხელი, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს ამ ხელისუფლების პირობებში. ყველამ ვიცით, ნაციონალური მოძრაობა ომის პარტიაა, ღალატის პარტიაა," - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სწორედ გაუბედავი პოლიტიკა შეიძლება გახდეს რუსეთის აგრესიის პროვოცირების მიზეზი.
"ის გაუბედავი პოლიტიკა, ის სირაქლემას პოლიტიკა, ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება მაპროვოცირებელი რუსებისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ ახლა აქ ვიღაცას ომის პარტიას ეძახით. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება." - ამბობს პაატა მანჯგალაძე.