02 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
ჩაანაცვლებს თუ არა ნიკა მელიას გიორგი მარგველაშვილი - გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა შეთავაზება სააკაშვილისგან მიიღო

"კურიერის" შეკითხვა "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა უპასუხოდ დატოვა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ინფორმაციაზე დეტალურად საუბრის წინაპირობად აუდიენციის წინასწარ შეთანხმება დაასახელა. თუმცა, მალევე, სხვა მედიასაშუალებასთან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან შეთავაზება არ მიუღია. მარგველაშვილის თქმით, ორი ექსპრეზიდენტის ერთ პარტიაში გაერთიანებაზე საუბრით ხელისუფლება აქტუალური თემების გადაფარვას ცდილობს.

გიორგი მარგველაშვილით შესაძლო ჩანაცვლებას, იუმორით უპასუხა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ. ნიკა მელია, რომელიც 15 აპრილს, კიევში სწორედ მეოთხე პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ პარტიაში საკადრო გადაადგილება გამორიცხულია. თუმცა, მელიას დღეს არ დაუზუსტებია, იზიარებს თუ არა მის პოზიციას პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში ეჭვი არ ეპარება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის აზრით, სააკაშვილის მხრიდან მარგველაშვილზე ფსონის გაკეთება მელიას მიმართ პოლიტიკური ეჭვიანობის შედეგია. კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" გამორიცხავენ. თუმცა, პარტიაში არ უარყოფენ, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" და მარგველაშვილს საერთო პოლიტიკური მიზანი აქვთ.

გიორგი მარგველაშვილის შესაძლო პოლიტიკური ტრანსფორმაცია წარმოუდგენელია სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მარგველაშვილი ნაცმოძრაობის ყველაზე ხისტ კრიტიკოსად პოზიციონირებდა, სამომავლო სავარაუდო ერთობა კი ორივე მხარის მორალურ დისკრედიტირებას გამოიწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. მანამდე მეოთხე პრეზიდენტი პატიმარ სააკაშვილს ციხეში სტუმრობდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტებს საერთო პოლიტიკური ხედვები აქვთ. სააკაშვილთან აუდიენციის შემდეგ, მარგველაშვილი და ენმ-ს დელეგაცია კიევს ერთობლივი ვიზიტით სტუმრობდნენ.

დღის ამბები