16 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"უკვე 8 კილო დაიკლო და აქედან ძირითადი არის კუნთოვანი მასა, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია" - ექიმები სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების მიერ მომზადებული დასკვნა გაასაჯაროვა. ომბუდსმენის კონსილიუმის ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში პარასკევს მოინახულეს.

ექიმები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი პოსტტრავმული ნერვული აშლილობის გამო ცილის მიღებაზე უარს ამბობს, რაც მისი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

"ცილოვანი შიმშილი ნიშნავს, რომ ადამიანმა ცილოვანი საკვები უნდა მიიღოს, ესაა მისი მკურნალობა. მაგრამ რატომ არ იღებს ის ცილოვან საკვებს - ამბობს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს, ეს მისი სიტყვებია და არ შეუძლია პოსტტრავმული ნერვული აშლილობის რეაბილიტაცია მიიღოს იმ სიტუაციაში, იმ ხალხისგან, ვინც ეს პრობლემა გამოიწვია მასში,"-აცხადებს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კლინიკური მიმართულებით, გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის წონის კლება, ძირითადად, ცილის ხარჯზე ხდება და ეს საგანგაშო მაჩვენებელია.

"რამდენიმე თვე რომ ადამიანი ცილას არ იღებს, ადამიანი კარგავს კუნთს, ანუ, იმ საშენ მასალას, რითაც ორგანოებია აშენებული. შესაბამისად, უკვე თავის თავს ინელებს ადამიანი. უკვე 8 კილო დაიკლო და აქედან ძირითადი არის კუნთოვანი მასა, საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. ასეთი დინამიკა თუ გაგრძელდა - თვეში 8 კილო პროტეინული მასის კარგვა, სამ თვეში 24 კილოზე ავდივართ და უკვე ძალიან ღრმა ..... ფაზაში გადავა,"-აცხადებს გრიგოლ ხურციძე.

სახალხო დამცველი კი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის ადეკვატურ მკურნალობას მოითხოვს. "ჩემი რეკომენდაცია იქნება, პირველ რიგში, ის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიაწოდოს პაციენტს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. როგორ უნდა გადაწყდეს ეს - ცემი ხედვაა ის, რომ უნდა შედგეს დაუყოვნებლივ ექიმების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ, როგორ სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო პაციენტის მკურნალობა,"-აცხადებს ნინო ლომჯარია.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები