16 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი" დაამტკიცა

"საქართველოს მხარდამჭერი აქტი" დაამტკიცა ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ.
დოკუმენტი ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას საკანონმდებლო დონეზე ამყარებს. ის ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი.

ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს და კანონდამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

დოკუმენტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

კანონპროექტი, ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

საკანონმდებლო აქტის კანონის ძალას საბოლოოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შეიძენს. მანამდე კი ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები