28 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
IRI-ის კვლევითაც კი ჩანს, რომ ოპოზიცია ყველა მიმართულებით უმძიმეს მდგომარეობაშია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს, სანდოობის მხრივ გარკვეული კითხვები აქვს იმ კომპანიასთან, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციის გამოკითხვებს უტარებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოკითხვამ აჩვენა,რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია.

"ჩვენ გვაქვს რეგულარული კვლევები, შესაბამისად, ჩვენს მონაცემებს ვეყრდნობით, როდესაც ვაკეთებთ რაღაცების ანალიზს. ამ კვლევასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც უტარებს IRI-ის კვლევას, თუმცა ხედავთ რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ყველა მიმართულებით ოპოზიცია რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ხედავს ბუნებრივია ყველა და ეს ამ კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც კი დაადასტურა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ზარქუას შეფასებით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" ლიდერ პარტიად მიიჩნევს, ასევე კვლევა აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მილევად რეჟიმშია"

"ფაქტი ასახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისევ და ისევ მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება" არის ლიდერი პარტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მილევად რეჟიმში, გახსოვთ თქვენ 16 და 7 პროცენტი დაუწერეს და სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ NDI არ არის ლოიალურად განწყობილი მაინც და მაინც მმართველი პარტიის მიმართ.

IRI-ს ნაწილში რა გამოიკვეთა? მათ შორის ის რეიტინგი, რაც არის ცალკეული პოლიტიკოსების და პატრიარქის, პირველ ოთხეულ-ხუთეულში არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ დიახ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული პოლიტიკა მისაღებია," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI ახალ კვლევას აქვეყნებს. გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს ეხება - მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა, საჯარო პირების მიმართ ნდობა, ასევე თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდის მართვას, საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

დღის ამბები