28 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მთელი ძალებით უტევს - ამ წუთებში ყველაზე მძიმე ბრძოლები იზიუმთან მიმდინარეობს

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მთელი ძალებით უტევს - მიზანი დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებში სრული კონტროლი და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფანია.

რთული ვითარებაა ხარკოვში, რეგიონი სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის ქვეშაა. ყველაზე მძიმე ბრძოლები იზიუმთან მიმდინარეობს. ხარკოვის რეგიონში რუსებმა უკრაინის რამდენიმე თავდაცვითი პოზიციის გადალახვა მოახერხეს.

რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით რუსულმა ჯარმა თვითმფრინავი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, ქვემეხები და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს ლუჰანსკში - დაბომბვების შედეგად რეგიონში 4 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა.

ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონში. სამიზნე სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორია იყო - ხერსონი ოკუპირებულია, იქ რუსული ჯარებია შესული. უკრაინული მედიის ცნობით ოკუპანტები ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ.

უცვლელი ვითარებაა მარიუპოლში - საპორტო ქალაქი კატასტროფულ მდგომარეობაშია, არ არის წყალი და ელექტროენერგია, საკვები და მედიკამენტები. მართალია ქალაქი ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს, თუმცა მარიუპოლი ისევ უკრაინის ნაწილია და დგას, არ ნებდება აზოვსტალი.

აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში კონცენტრაციის ფონზე, შედარებით მშვიდი ვითარებაა კიევის ოლქში. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმედოვნებს, რომ "აზოვსტალთან" დაკავშირებით მოიძებნება ურთიერთშეთანხმებული გამოსავალი, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაცია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტუპუნის განმარტებით, მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ექვსი შეტევა მოიგერიეს.

"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. მტერი ზრდის შეტევითი ოპერაციის ტემპს. თითქმის ყველა მიმართულებით რუსი ოკუპანტები ინტენსიურ ცეცხლს ახორციელებენ. ყველაზე დიდი აქტივობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. რუსი ოკუპანტებს აქვთ დანაკარგები. მხოლოდ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის ექვსი შეტევა" - ამბობს ოლექსანდრ სტუპენი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 38 სამხედრო ობიექტს დაარტყა. 

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ უკრაინის 38 სამხედრო ობიექტს დაარტყა. განადგურებულია უკრაინის ჯარების 7 სამეთაურო პუნქტი, 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და უკრაინული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 27 უბანი," - ამბობს ის.

დღის ამბები