27 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ოპოზიციამ IRI-ის კვლევაში მუშაობის გასააქტიურებლად საზოგადოების დაკვეთა დაინახა, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გამოკითხვამ მათი აშკარა უპირატესობა აჩვენა

განსაკუთრებული ნდობა IRI-ის გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით არც ერთ პარტიას აქვს, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ესმის საზოგადოების დაკვეთა და აპირებენ ამ მხრივ მუშაობა უფრო გააქტიურონ.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ენმ-სა და სრულიად ოპოზიციას ბევრი აქვს სამუშაო. 

გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ შეეცდებიან კვლევის შედეგები სწორად შეაფასონ და გააანალიზონ.

"ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ ჩვენგან უფრო მეტ აქტივობას. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ ეს ყველაფერი სწორად დავინახოთ, გავაანალიზოთ და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ის ყველაფერი, რაც მათ აქვთ. ჩვენი პარტიული ხაზი არ არის ერთი არჩევნები და ერთი წელი, ჩვენი პარტიული სტრატეგია ვრცელდება შემდეგ არჩევნებზე," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, მისი პარტია აპირებს მეტი იმუშაოს და საკუთარი იდეები უფრო მეტად მიიტანონ მოქალაქეებთან.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, კვლევაში აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების ნდობა ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჯამში აღებული ყველა ოპოზიციის. 

"ამ კვლევებშიც კი ვერ მალავენ იმას, რომ არის აშკარა უპირატესობა "ქართული ოცნების" მიმართ. ასეთი არასანდო კვლევები შედეგებშიც კი აშკარად ჩანს ის, რომ "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჯამში აღებული ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაზე ეფექტური და სანდო კვლევა გახლავთ არჩევნები," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები