28 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ომი არ იქნება, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს - სოზარ სუბარი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღეს ოპოზიცია ისევ ცდილობს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისას ჰქონდა. მათი თქმით, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას უკავშირებენ განცხადებებს მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

"ვხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლონ ციხიდან და როგორმე გამოიწვიონ ქვეყანაში არეულობა. ამის ერთადერთი მიზეზი არის მეორე ფრონტის გახსნა, რომ რაც ხდებოდა ბუჩაში, ხდებოდა ირპენში და რაც ახლა ხდება მარიუპოლში, როგორმე გადმოვიდეს საქართველოში. ჩვენ ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს საქართველოში. ომი არ იქნება, იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაუშვებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი გათავისუფლების იმედი აბსოლუტურად ტყუილია, ეს არ მოხდება. თუკი მას მკურნალობა დასჭირდება, უმკურნალებენ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას უდრის. 

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა იმისთვის იყო დაგეგმილი, რომ მას უნდოდა გარკვეული არეულობა მოეწყო. ამავდროულად ჩვენ ვხედავდით, რომ სამწუხაროდ "ლელო" იყო ის პარტია, რომლის მთელი თავისი მოქმედების გეგმა, შეთანხმებული იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან". ასევე გახარიასთან შეხვედრა თითქოსდა შემთხვევითი გადაკვეთა იყო აშშ-ში მიხეილ სააკაშვილთან. ამ ყველაფერმა შექმნა სწორედ ეს ლოგიკური ჯაჭვი. "ნაციონალურ მოძრაობის" უკრაინული მხარდამჭერი ფრთა, პირდაპირ ხსნის თუ რატომ უნდა ჩაერთოს საქართველო ამ ომში. გვეუბნებიან რომ კარგი შანსი გაქვთ იარაღით ხელში ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოთ და ამავდროულად კონკრეტულ რეცეპტსაც იძლევიან. რახან ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, სააკაშვილი არის ომის პრეზიდენტი, რომელიც ამას გააკეთებს. როდესაც კვლავ მიდის პოლიტიკური სპეკულაცია, რომ ჩვენ გამოვუშვათ მიხეილ სააკაშვილი, ნიშნავს იმას, რომ ამ ჩავარდნილი სცენარის რესტარტი გავაკეთოთ,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

 

დღის ამბები