22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
კასპის მინდორში დარეგისტრირებული კომპანია და თაღლითურად მითვისებული 600 ათასი ევრო - პროკურატურა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტრანსნაციონალურ დანაშაულს იძიებს

კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული და თაღლითური გზით მითვისებული 600 ათასი ევრო- პროკურატურა ამერიკელ კოლეგებთან ერთად დანაშაულის სქემას იძიებს, ეძებენ ქართულ-ამერიკულ წყვილს, რომელმაც კასპში კომპანია მინდორში დაარეგისტრირა, შემდეგ კი ყალბი ვებსაიტების საშუალებით პოტენციური ინვესტორებისგან ასი ათასობით ევრო მიითვისა. კლიენტებს ცოლ-ქმარი ფულის ღვინის ბიზნესში ჩადებას სთხოვდა.

სწორედ ღვინის ბიზნესით დააინტერესა მთავარი დაზარალებული ნიკოლას ბოველი ინტერნაციონალურმა წყვილმა. მათ მსხვერპლი დაარწმუნეს, რომ საქართველოში წარმატებული მევენახეები იყვნენ და ბრიტანეთის მოქალაქეს საქმეში ნახევარი მილიონი ევრო ჩაადებინეს. ნიკოლას ბოველი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ ინვესტიცია ტრიალ მინდორში განახორციელა. აღმოჩნდა რომ საქართველოში მომუშავე ცრუ ბიზნესმენებმა მსხვერპლი საფრანგეთშიც იპოვეს.

დაზარალებული ბოველის პარტნიორმა საქართველოში გენერალურ პროკურატურას მიმართა და მომხდარის შესახებ უამბო. ჩვენების მიხედვით, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ დაზარალებულმა დახმარების თხოვნამდე გამოიკვლია და თავად დაადგინა, რომ ცოლ-ქმარმა ვინაობაც მოიტყუა. ეჭვების გამყარების შედეგ კი გამოძიების დაწყება ითხოვა.

თაღლითმა ცოლ-ქმარმა ბრიტანეთის შემდეგ საფრანგეთში საინვესტიციო კომპანია იპოვა და 100 ათასი ევრო მათაც მოტყუებით გამოსძალა. ძვირად ღირებული ინვესტიციით შემოსულ თანხებს ცოლ-ქმარი ამერიკაში რიცხავდა. ამჟამად უცნობია ბრალდებულების ადგილმდებარეობა, ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

საქართველოს პროკურატურა ქართულ-ამერიკულ წყვილს დიდი ოდენობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. საქმის პროკურორი "კურიერთან" ჰყვება, რომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში წყვილი მწარმოებელ კომპანიებს უკავშირდებოდა და ეუბნებოდნენ, რომ სავენახე მეურნეობასა საქართველოსა და საფრანგეთში ფლობდნენ. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით წყვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა ქვეყანა უკვე დატოვა, არ არის გამორიცხული გაიზარდოს დაზარალებულების რაოდენობა. საქართველოს პროკურატურამ თაღლით წყვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა.

დღის ამბები