საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული კომისია არის მთავარი მაკოორდინირებელი პლატფორმა ჩვენი კითხვარის შევსების პროცესში. აღნიშნულ კომისიაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს, როდესაც ჩვენ წინა კომისიის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განისაზღვრა კონკრეტული შიდა თარიღები, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადებულიყო აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც გადმოგვეცა. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს კომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად," - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი გაიარა ქვეყანამ, საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის.
"ჩვენი განვლილი გზა ხაზით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის. ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა საქვეუწყებო დაწესებულება აქტიურად იყო ჩართული და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური. რაც შეეხება საჯაროობას, საჯაროობასთან დაკავშირებით ჩვენ ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავად კითხვარის ნაწილი გავასაჯაროეთ. რაც შეეხება პასუხებს, აქ არის პასუხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით," - განაცხადა დარჩიაშვილმა.