დაბა მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარები, რომლებსაც ამ სერვისის მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა, ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ, მომსახურებას ადგილზე მიიღებენ.
დიალიზის თერაპიისთვის, სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს, პირველ ეტაპზე, რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი, მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.
ახალი სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, დიალიზის თერაპია თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებში იქნება ხელმისაწვდომი.
მესტიაში, ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.
ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული სერვისები "დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.