გრძელდება პოზიციური ბრძოლები ფრონტის ხაზზე. ვითარება უცვლელია მარიუპოლში, სადაც რუსეთის არმია "აზოვსტალის" ქარხანას კვლავ უტევს. მძიმე იერიშების ფონზე უკრაინის ხელისუფლება ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების, დაჭრილების და სამედიცინო პერსონალის გამოყვანას ცდილობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, პავლო კოვალჩუკის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის დამცველებმა მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს.
"მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებზე. ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის ცხრა შეტევა, გაანადგურეს ცხრამეტი ტანკი, ოცი ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი სპეციალური ჯავშანმანქანა და სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა," - თქვა კოვალჩუკმა.