აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში, შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა. ჰეინსმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ასევე არ სურთ საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდენ, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.
მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.
"ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს," - განაცხადა ჰეინსმა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს და დასძენს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება.
ჰეინსის თქმით, პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინისადმი აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა დროთა განმავლობაში დასუსტდება. ამერიკული დაზვერვის დირექტორი ფიქრობს, რომ კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ პუტინი რუსეთისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხეს" იგრძნობს.
"ვფიქრობ, აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ასევე არ გვინდა საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ და არ გვინდა სიტუაცია, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს იყენებენ" - განაცხადა ჰეინსმა.