01 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, საქართველო მომავალ ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს" - FIBA-ს დირექტორი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი. "ფიბას" მაღალჩინოსანმა საერთაშორისო ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს, ევროპის ჩემპიონატისთვის მშენებარე საკალათბურთო დარბაზი მოინახულა. საკალათბურთო არენა ფაქტობრივად მზად არის იმისათვის, რომ კონტინენტის პირველობას ღირსეულად უმასპინძლოს. სამშენებლო სამუშოები უახლოეს დღეებში დასრულდება, პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ დარბაზში კი 4 ივლისს გაიმართება.

"ფიბას" აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის თქმით, იგი ნანახით კმაყოფილია. რამდენიმე თვის წინ იგი მშენებლობის ტემპით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა ახლა ამბობს, რომ მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი.

"რასაკვირველია, ნანახით კმაყოფილი ვარ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მომავალ "ევრო პირველობას" ღირსეულად უმასპინძლებს. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი თბილისში და სიმართლე რომ გითხრათ, მშენებლობის ტემპით უკმაყოფილო დავრჩი, ამჯერად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, რაც თავისთავად საქართველოს მთავრობის და კალათბურთის ფედერაციის დამსახურებაა. ახალი სპორტული არენა მულტიფუნქციური იქნება და კალათბურთის გარდა სხვა სპორტული ღონისძიებების მანპინძლობაც იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად სპორტისთვის ასევე თქვენი ქვეყნისთვის",- თქვა ნოვაკმა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სამუშაოები ფაქტიურად უკვე დასრულებულია, გასავლელი რჩება ტექნიკური დეტალები სივრცის გადანაწილებასთან დაკავშირებით და ივლისისთვის ყველაფერი უკვე მზად იქნება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, სოსო გიორგაძის თქმით, 1 წლის წინ, ახლად შექმნილმა სამინისტრომ, ამ პროექტის სახით ძალიან დიდი ვალდებულება აიღო, რაც შემდგომ, მასშტაბური ხანძრის გამო კიდევ ერთხელ გართულდა, თუმცა 1 წლის შემდეგ, ეს ვალდებულების ნაცვლად უკვე სიამაყე გახდა.

 

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები