ოპოზიციაში ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს. ოპოზიციას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ პრეზიდენტისთვის გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართვა არასწორია და ხელისუფლების ოპონენტებს მოუწოდებენ პარლამენტი დემონსტრაციულად დატოვონ.
"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართვას მხარს დაუჭერენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნონა მამულაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ნათლად გამოხატა, რომ იგი რუსული ხაზის გატარებას აპირებს.
"მე არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმართვა ამ ეტაპზე იქნება სწორი, იმიტომ, რომ მან ძალიან ღიად და ნათლად გამოხატა პოზიცია, რომ ის აპირებს რუსული ხაზის გატარებას, მიუხედავად ევროპულობისა. მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი, იმისათვის, რომ ამ დემარშით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური," - თქვა მამულაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის მზადაა, ნიკა გვარამიას სურვილის მიუხედავად, პრეზიდენტს მისი შეწყალებას სთხოვოს.
"რაც შეეხება შეწყალების საკითხს, მე არ ვიცი რა არის ნიკას პოზიცია, მაგრამ მის გარეშეც მე მზად ვარ, რომ მიუხედავად მისი სურვილისა, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვო - იმ პროცესისთვის, რასაც ჰქვია ინტეგრაცია, რასაც ჰქვია დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი, რომ სიტყვის თავისუფლების გამავრცელებლებს არ სჯიდნენ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს იმ აბსურდული ბრალიდან გამომდინარე, რაც ნიკას აქვს, შესაძლებელია მისი შეწყალების განხილვა," - აცხადებს მანჯგალაძე.