პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია იმ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს ხვდება, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები. Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მთავრობის მეთაურმა "ტვიტერში" დაწერა, რომ შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ და კომპანია "სეილსფორსის" პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი საკითხები.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. პრემიერი ლიდერებთან ერთად დავოსში, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებასაც დაესწრო.
"გვქონდა შეხვედრა კომპანია "სეილსფორსთან". ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელმაც ფაქტობრივად ახლებური, ციფრული პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს. ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია. ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და მიმდინარეობს GITA-ს ფარგლებში ახლაც IT მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება და ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა, რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ," - აცხადებს ეკონომიკის ლევან დავითაშვილი.