დავოსში ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა თურქული კომპანია "ლიმაკ ჰოლდინგის" ხელმძღვანელს და "სითი ბანკის" თავმჯდომარის მოადგილეს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ასევე ქვეყანაში ბიზნესის მდგომარეობას.
პრემიერ მინისტრმა "ლიმაკ ჰოლდინგის" და "სითი ბანკის" წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია იმისათვის, რომ პირადად გაეცნონ რა ვითარებაა ბიზნესის კეთების კუთხით ქვეყანაში.
გარდა ამისა, ფორმუს ფარგლებში საკუთარი გზავნილები უკვე გააჟღერეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის აღდგენა უპრეცენდენტო ერთიანობას ეფუძნება.
“საქმე უკრაინის გადარჩენას არ ეხება. პუტინმა მთელი საერთაშორისო წესრიგი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. პირველად ისტორიაში ევროკავშირი უკრაინას სამხედრო კუთხით ეხმარება.
ჩვენ უნდა გამოვფიტოთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ეკონომიკა. უკრაინას ახლა სჭირდება ბიუჯეტი, რომლითაც შეძლებს პენსიების და ხელფასების გადახდას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თანდათანობით ფერფლიდან აღდგეს. უკრაინის აღდგენა უპრეცენდენტო ერთიანობას ეფუძნება. ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინის ადმინისტრაციის შესაძლებლობების მოდერნიზება. ქვეყნის მხარდაჭერა ევროპული გზისკენ,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
რუსულ აგრესიაზე საუბრობს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰავისტო და აცხადებს, რომ უკრაინაში ყოველგვარი ომის წესი ირღვევა.
"ვხედავთ, რომ რუსეთი არ ერიდება სარისკო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენ გვეკითხებიან, რატომ არ გვქონდა რეაგირება 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით, რატომ არ გვქონდა რეაგირება 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციაზე. რუსეთი ამბობს, რომ მათ შეიძლება რაღაც ეტაპზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან თუნდაც ქიმიური იარაღი გამოიყენონ. უკრაინაში ყოველგვარი ომის წესი ირღვევა. ჩვენ ახალ რეალობაში ვართ და ამ საფრთხეებისთვის მზად უნდა ვიყოთ," - აცხადებს პეკა ჰავისტო.