დავოსში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართეს. პირველი აუდიენცია "ადანი ჯგუფის" თავმჯდომარესთან შედგა. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რაც საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას აძლევს - ამ საკითხზე გაამახვილა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაუტანამ ადანისთან შეხვედრის დროს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს აღწევს. ადანი ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და სამრეწველო სფეროების ინვესტირებით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა დელეგაცია ბიზნეს გარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია.
ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესასწავლად მოიპატიჟა ირაკლი ღარიბაშვილმა "სიტი ბანკის" დელეგაციაც. "სიტი ბანკი" უმსხვილესი ამერიკული კორპორაციაა, რომელსაც ფილიალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში აქვს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, პოლონეთსა და ირლანდიაში. 2021 წელს ბანკის შემოსავალმა 72 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. დელეგაციასთან შეხვედრისას მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა და აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები - საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით არსებული განვითარების პერსპექტივები, ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის ტენდენციებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია ლიმაკ ჰოლდინგის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. კომპანია საქმიანობას სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ავიაციის, კვების სფეროს და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს. ებრუ ოზდემირთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერშიც" გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და "ლიმაკ ჰოლდინგს" შესანიშნავ შესაძლებლობებს თავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად.
ეკონომიკური კუთხით დატვირთული შეხვედრების გარდა საქართველოს დელეგაციის წევრებმა, დავოსში ვიზიტი, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვისაც გამოიყენეს. ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ფინეთს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან უკვე 30 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებაზე.
შეხვედრები ქართული დელეგაციის წევრებმა შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართეს. ფორუმს 2000-ზე მეტი დელეგატი, პოლიტიკოსები და ბიზნესსფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. გავლენიანი პოლიტიკოსები და კომპანიების ხელმძღვანელები რუსეთის უკრაინაში შეჭრას განიხილავენ და ფიქრობენ იმ დახმარების გზებზე, რომლის გამოყენებითაც უკრაინამ საომარ მოქმედებებში უნდა გაიმარჯვოს.
ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში 26 მაისს დასრულდება. საქართველოს დელეგაციისთვის ხვალინდელი დღეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობის ხელმძღვანელი ფორუმზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართვას.