თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სოფელი მატანი, ხევსურეთი, დმანისი, ფოთი და შემოქმედი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა ლოკაციაზე ერთდროულად ასობით წვევამდელი სამხედრო ფიცს დადებს. მომავალი სამხედროებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტი თავს თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მოიყრის. რეკრუტებთან ერთად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მსვლელობით ჩაივლიან საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფები, ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების არმიის წარმომადგენლები.
თავისუფლების მოედნის გარდა სამხედრო კომპონენტი იქნება წარმოდგენილი დედაქალაქის მთავარ გამზირზეც, ტანკები, საარტილერიო საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ყველაფერი რაც ქართული ჯარის არსენალშია.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სლოგანით "ევროპისკენ" პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული გალა კონცერტით დასრულდება. მომღერლები და მოცეკვავეები ბოლო რეპეტიციას ახლაც გადიან.
26 მაისის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები თბილისი გარდა კიდევ 16 ქალაქში გაიმართება.