16 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ძალიან მალე, დიდი იმედით ველოდებით ევროკავშირისგან დადებით პასუხს, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გააგრძელოს - ლევან დავითაშვილი

ვის რა მოლოდინი აქვს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და როგორ აფასებენ დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკოსები საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. 

დადებითი პასუხის მოლოდინში არიან უმრავლესობის წევრები. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანაა.

"ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის დამოუკიდებელი ისტორიის პირობებში ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც ევროკავშირში წევრობის განცხადება გავაკეთეთ და ძალიან მალე, დიდი იმედით ველოდებით ჩვენ ევროკავშირისგან დადებით პასუხს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გააგრძელოს, გააგრძელოს ევროინტეგრაცია და შევძლოთ ქვეყნის განვითარება იმგვარად და იმ ღირებულებებით, როგორიც ყველას ერთად გვინდოდა. ეს არის ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან და მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველო ძალიან აქტიურად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას. ჩვენი პარტნიორები ნათლად და მკაფიოდ აფიქსირებენ ჩვენი ევროპული მომავლისა და პერსპექტივის მნიშვნელობას. ჩვენ ჩვენის მხრივ არსებული გამოცდილებით მაქსიმალურად სწრაფად და მოკლე დროში უზრუნველვყავით კითხვარის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა და აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე მშვიდად, მშვიდობიანად და თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე მშვიდად, მშვიდობიანად და თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და იმ ნაბიჯებს, რასაც მთავრობა დგამს ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუსურვო გამძლეობა, წინსვლა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები