16 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
მისალოცი ბარათები მთელი მსოფლიოდან: ვაშინგტონი, ვარშავა, პეკინი, კიევი, ვილნიუსი, პარიზი - რას უსურვებენ საქართველოს მსოფლიოს ლიდერები

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შესრულებული საქართველოს ჰიმნი, დროშის ფერებში განათებული ოფიციალური შენობები, ოფიციალური წერილები - მილოცვებს საქართველო დღეს სხვადასხვა სახელმწიფოდან და მსოფლიო ლიდერებისგან იღებდა. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას მიულოცა,  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ იყო. ამერიკის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს. ჯო ბაიდენის წერილში ნათქვამია, რომ შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილს და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოფიციალურ გზავნილში, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, კიდევ ერთმა მოკავშირე სახელმწიფომ - თურქეთმა გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა ერდოღანმა მისალოცი წერილი პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა.

ოფიციალურ წერილებთან ერთად იყო არაერთი სანახაობრივი მილოცვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს ჩოხა ჩააცვეს. მთელი დღის განმავლობაში ბელგიის დედაქალაქში "მანეკენ პისისრამდენიმესაუკუნოვან ძეგლთან სამახსოვრო ფოტო უამრავმა ადამიანმა გადაიღო.

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა სხვადასხვა ქვეყნების დაწესებულებები - ასეთი იყო ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში, დუბლინის მერია ირლანდიაში, თესალონიკის მერიის შენობა საბერძნეთში, მეტრო პლაზა ესტონეთში, საქართველოს საელჩოები სლოვაკეთსა და სლოვენიაში, სან პაულოს ცნობილი ნაგებობა ბრაზილიაში, ასევე ლიეტუვას ცენტრალური ხიდი და ბარსელონას მთავარი შადრევანი.

შვედეთში კი, სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩაზე, სარეკლამო აბრაზე გადის ვიდეორგოლები საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ისტორიის და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ცნობილი ქართული მელოდიები გაჟღერდა ნიდერნალდებში, ჰააგის მთავარი სამრეკლოდან - გროთე ქერქიდან. ქართული ჰიმნი სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით შესრულდა ბაქოშიც - საქართველოს საელჩოს თანამშრომლებსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელას მიერ.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მილოცვა კი, საქართველომ ისრაელის საელჩოსგან მიიღო. დიპლომატიურმა უწყებამ 26 მაისთან დაკავშირებით, საგანგებოდ გადაღებული 4 წუთიანი ვიდეო გაავრცელა, რომელიც ნიკო ფიროსმანის მხატვრობის მოტივებზეა შექმნილი.

ეროვნული დღესასწაული საქართველოს მიულოცეს პოლონეთის, ყაზახეთის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერმა, ასევე ლიეტუვისა და შვედეთის საგარეო და დიპლომატიურმა უწყებებმა. დამოუკიდებლობის დღე, ქართველ კოლეგას მიულოცა უკრაინის რადას თავმჯდომარემაც. მან ქართველ პარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პატივისცემა სამხედროებს და მილოცვა ქართველ ხალხს - ასეთი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც მან დღეს თავისუფლების მოედანზე გააკეთა. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან ერთად, ის იმ სადღესასწაულო ღონისძიებებს ესწრებოდა, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო - "ევროპისკენ".

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს "გუგლიც". საძიებო სისტემა საქართველოს დროშით გაფორმდა, რომელსაც მომხმარებელი პირდაპირ გადაჰყავს ისტორიაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. გუგლის მთავარ გვერდზე კომპოზიცია ღამის 12 საათიდან 26 მაისის დადგომისთანავე გამოჩნდა.

დღის ამბები