15 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მონები და გვიყვარს თავისუფლება" - ოპოზიცია ორგანიზაცია "სირცხვილიას" მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება

"შინ ევროპისკენ - ევროკავშირის პასუხის მოლოდინში" - 20 ივნისს ორგანიზაცია "სირცხვილიამ" აქცია დააანონსა. აქტივისტები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების შესახებ.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა აქციაზე მისვლა უკვე დააანონსა ოპოზიციის ნაწილმა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ყველამ საქართველოს და ევროპის დროშებით ხელში უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მონები და გვიყვარს თავისუფლება.

"თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოს დროშებით, ევროპის დროშებით უნდა გამოვიდნენ ყველა პარტიის წარმომადგენლები და "ერთად ევროპისკენ" უნდა დავაფიქსიროთ და უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ კი არა ვართ რუსეთის მონები და შეშინებულები, არამედ ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და გვინდა ევროპასთან ერთად," - აცხადებს მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები ორგანიზაცია "სირცხვილია" და სამოქალაქო ჯგუფები არიან, "ნაციონალური მოძრაობა" კი სიამოვნებით შეუერთდება მას, ისევე როგორც წინა მსგავსი ტიპის აქციებს.

"აქციის ორგანიზატორი არის ორგანიზაცია "სირცხვილია" და სამოქალაქო ჯგუფები, შესაბამისად აქციის შინაარსი არის პროაქტიური მხარდაჭერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ჩვენი ადგილი, საქართველოს ადგილი არის ევროპაში. შესაბამისად, რაღა თქმა უნდა, ყველა მსგავსი ტიპის აქციაზე ჩვენც სიამოვნებით შევუერთდებით, ისევე როგორც ვუერთდებოდით სხვა წინა აქციებს, რომლებიც მაგალითად იყო უკრაინის მხარდასაჭერი. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ორგანიზატორები არიან "სირცხვილია" და სამოქალაქო ჯგუფები და ჩვენც შევუერთდებით აღნიშნულ აქციას," - აცხადებს დოლიძე.

დღის ამბები