სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა გერმანიისთვის შემაშფოთებელია და ამას საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება მოჰყვა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ "იქსში" წერს.
დიპლომატი ამბობს, რომ ამაყია გერმანიის მხარდაჭერით თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ.
ელჩის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები გერმანიის ელჩის განცხადებასთან არაფერ შუაშია.
"არავითარი გამჭვირვალობის კანონი და არაფერი აქ არაფერ შუაში არ არის. ყველაფერი იყო გამოწვეული იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ გახსნა მეორე ფრონტი - ეს არის ერთადერთი მიზეზი. ამის გამო არიან მოწოდებული, რომ აქ შეეცვალათ ხელისუფლება, არც ეს არ გამოუვიდათ, ამიტომ არიან გაბრაზებულები.
ხან არჩევნები გაყალბდა - ამას მოიფიქრებენ, ხან რაღაცას, ყოველგვარი არგუმენტისა და კონკრეტიკის გარეშე. ერთი კარგად გაიხსენონ მათ, ავღანეთში როდესაც ომი იყო, საქართველოს როლი როგორი იყო და გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა საქართველომ ავღანეთში? ის სამხედრო პროექტიც, რომელიც კეთდებოდა, კეთდებოდა იმიტომ, რომ ისევ ერაყსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როცა თვითონ ეზარებოდათ იქ თავისი ჯარის გაგზავნა", - აცხადებს "ქართული ოცნების" პარლამენტის საარჩევნო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი.