15 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
კარგია ის განცხადებები, რომელსაც ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა - გრიგოლ ვაშაძე

პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის კრიტიკას პირადად თვითონ და "ლელო" არ იღებს. ამასთან, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სრულიად ლოგიკურია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა. მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ სახელისუფლებო ბერკეტებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ასევე შეაფასა პარლამენტის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ.

"ძალიან კარგი არის ის განცხადებები, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე ეს ქალბატონი გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა. სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს, კარგი იქნებ ეუთოს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს. თუ უნდა რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეიწყალოს ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით კი. პრეზიდენტის განცხადება სრულიად ადეკვატური იყო "ქართული ოცნების" მიმართ, თუმცა რაქვიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ მოეწონა, რადგან სიტყვის - რადიკალური ოპოზიციის ხსენება პლურალიზაციის ეფექტს ქმნის.

დღის ამბები