15 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ევროკომისიის გზავნილები დღეს თბილისში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა იყო - ვინ როგორ აფასებს ბრიუსელის რეკომენდაციებს

ბრიუსელიდან მიღებული გზავნილები დღეს თბილისში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემა გახდა - თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე სპეციალური ბრიფინგები ჩანიშნა და ევროპელი ლიდერების განცხადებები შეაფასა. ოპოზიციისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემა, ხოლო საქართველოსთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება აღმოჩნდა.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი დღის გამო სრული პასუხიმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. თუმცა ასე არ ფიქრობენ "ქართულ ოცნებაში" და ოპონენტებს ახსენებენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება სწორედ მათი ხელისუფლების დამსახურებაა.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად დაფიქსირება, წინ გადადგმული ნაბიჯია. დღის ბოლოს ევროკომისიის დასკვნას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დღეს ძალიან მძიმე დღეა, რადგანაც ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ეს "ხელისუფლების მიზანმიმართული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი" იყო.

"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკომისიამ გვითხრა, რომ ევროპაში ჩვენი ადგილი არ არის, თუმცა "მიუხედავად ამისა მოგვცა შანსი გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას".

დღის ამბები