06 ივლისი 2024,   15:09
ვრცლად
ცოტნე ებრალიძე: Axis Towers-ი ყველა თბილისელისთვის საამაყო იქნება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Axis Towers-ი გაიხსნა. Axis Towers-ი კომპანია Axis-ისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია, რომლის მშენებლობაც 2015 წელს განახლდა. როგორც თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, Axis Towers გამორჩეული სილამაზისა და მასშტაბის მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც ყველა თბილისელისათვის საამაყო იქნება.

"ქალაქს ახალი ღირსშესანიშნაობა შეემატება, გამორჩეული სილამაზის და მასშტაბის მრავალფუნქციური შენობა, რომელიც ნებისმიერ თანამედროვე ქალაქს დაამშვენებდა და ყველა თბილისელისათვის საამაყო იქნება. მინდა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა Axis Towers-ი პროექტში იდეის, პროექტირების, მშენებლობის თუ ოპერირების ეტაპზე. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩვენი პარტნიორები, Axis Towers-ის თანამშრომლები, რომლებმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, თავიანთი არაჩვეულებრივი იდეის ბოლომდე მიყვანა შეძლეს. დიდი მადლობა მათ ამ იდეისათვის და იმისთვის, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის საშუალება მოგვცეს," - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

Axis Towers-ი შედგება პიედესტალისგან და ორი კოშკისგან, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა სულ 41-სართულიანია, რომელთაგან 37 სართული მიწის ზემოთ, 4 კი, მიწის ქვეშაა განთავსებული. მიწის ქვეშ მოწყობილია 3 საპარკინგე სართული, რომელიც, ჯამში, 500-ზე მეტ ავტომობილს იტევს. თეთრი კოშკი საცხოვრებელი ფუნქციისა, ხოლო შავ კოშკში ბიზნესცენტრი და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. Axis Towers-ის გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ იგი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას: საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციულ და გასართობ ფუნქციებს. 

პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო, თუმცა 2008 წლის ომისა და გლობალური კრიზისის გამო, სამშენებლო პროცესი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მშენებლობა 2015 წელს სწორედ თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით განახლდა.

დღის ამბები