18 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით ბომბავენ - ბოლო ცნობები ომიდან

სანამ უკრაინა ევროკავშირში მოსახვედრად იბრძვის, ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით ბომბავენ . მცირე პაუზის შემდეგ, რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიშები განაახლა ხარკოვსა და მის ოლქში შემავალ დასახლებებზე. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახლა იზიუმშია, სადაც დაბომბვა წუთითაც არ წყდება, შესაბამისად, დიდია დაჭრილების რიცხვი მშვიდობიან მოქალაქეებში.

შეტევები არ წყდება ლუჰანსკის ოლქზეცლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის გარდა, საავიაციო ბომბები და რაკეტები მთელი ღამის განმავლობაში ცვიოდა ოლქში შემავალ 12 დასახლებაში.

დარტყმის ქვეშ არის უკრაინის შავიღვისპირეთიც, საოკუპაციო ძალა კვლავ ცდილობს საპორტო ქალაქ მიკოლაივის აღებას, შესაბამისად, მუდმივად იბომბება ქალაქი და მის ირგვლივ მდებარე დასახლებები. რაკეტები, ძირითადად, დასახლებულ პუნქტებში ვარდება, ყოველდღიურად კი იზრდება დაჭრილებისა და გარდაცვლილების რაოდენობა.

ზღვის გარდა, უკრაინას განმეორებითი საფრთხე შეიძლება დაემუქროს ბელარუსიდანაც, ამაზე კიევი უკვე ღიად საუბრობს. უკრაინის მოსაზღვრე ბელარუსში ივლისის თვემდე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, პარალელურად, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბრძანება გასცა, არმიისთვის საზღვართან პოზიციები მოაწყონ. ახლა ყველაფერი უკრაინული არმიის წარმატებებზეა დამოკიდებული, რომელმაც ფრონტის ხაზი რამდენიმე მიმართულებაზე უკვე გადაწია და მაქსიმალურად ავიწროებს საოკუპაციო ძალებს.

ტრადიციული ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხთან ერთად, რუსეთის მხრიდან თავდასხმების მატებას ელოდება.

რუსული მედია, ლუჰანსკის ოლქში, ტოშკოვკაში შტურმის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სოფელი მათ კონტროლს ექვემდებარება. უკრანულ მედიაში ამბობენ, რომ ამ დასახლებაში შტურმის განხორციელებამდე, მტერმა სავარაუდოდ ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა. ტოშკოვკასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს სერგეი გაიდას. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინულმა მხარემ კონტროლი სევერნოდონეცკის დაბა მეტელკინოში დაკარგა.

აფეთქების ხმა კვლავ ისმის დონეცკის ოლქშიც. ბოლო საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 12 ადამიანი. მძიმე მდგომარეობაა ბახმუდსა და ლიმანში, სადაც ოკუპანტები ავიაციას ინტენსიურად იყენებენ.

"უნიანი" მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით, ავრცელებს კადრებს სადაც ცხედრების ექსგუმაციაა გადაღებული. გამოცემა წერს, რომ ქაოტურად დასაფლავებულ მარიუპულელებს, რუსი სამხედროები საერთო სამარხში, კვალის დაფარვის მიზნით მარხავენ. დღესვე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა უკრაინულ პრესას განუცხადა, რომ აზოვის დამცველების განთავისუფლებაზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ომის პარალელურად, უკრაინაში არ წყდება ოფიციალური ვიზიტები. ამჯერად, ქვეყანაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხში ეამონ გილმორი იმყოფება. კომისარი, უკვე ესტუმრა ბუჩასა და ირპენს, სადაც ინფრასტრუქტურის ნაწილი განადგურებულია. გილმორმა მოინახულა ის ადგილები, რომლის დეოკუპაციის შედეგ ათობით ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს.

დღის ამბები