უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ვერცერთი რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს.
გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ის ორშაბათს მონაწილეობას მიიღებს "დიდი შვიდეულის" სამიტში და მალე გაიმართება ნატოს სამიტიც.
"45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით - ჟიტომირის ოლქი, ლვოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი, მიკოლაევი, საღამოს მეტი რაკეტა, სხვადასხვა ტიპის, გაშვების სხვადასხვა ზონები - ყველა მათგანი გაშვებული იყო ერთი მიზნისთვის, ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაიმეს გადაწყვეტა, რომ ვითომ რუსულ არმიას რაღაც გამოუვა.
დღეს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე თვე. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მეხუთე თვეა, იძულებული არიან, მოაწყონ ისეთი სარაკეტო შოუ, რომელიც სტრატეგიულად არაფერს ცვლის რუსეთისთვის. ვერცერთი რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა ვერ გატეხს უკრაინელების სულს. თითოეული მათი რაკეტა არის არგუმენტი ჩვენს მოლაპარაკებებში პარტნიორებთან. ორშაბათს "დიდი შვიდეულის" სამიტში მივიღებ მონაწილეობას. ნატო-ს სამიტი ამ კვირაში გაიმართება. 45 რაკეტა ნახევარ დღეში და შეხვედრების წინ. ყველაფერი ნათელია. ჩვენი პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს იმის დასტურია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი არ არის საკმარისი, უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება და რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები – თანამედროვე სისტემები, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ – არ უნდა იყოს პოლიგონებზე ან საცავებში, არამედ უნდა იყოს უკრაინაში, სადაც ისინი საჭიროა ახლა. საჭიროა უფრო მეტად, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში," - განაცხადა ზელენსკიმ.