31 აგვისტო 2026,   02:17
ვრცლად
მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმე რჩება

მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. გოგონა გვიან ღამით, თბილისში "ამტელ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, გვიან ღამით კი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს 7 წლის ბიჭს. ის ამ დრომდე მარნეულის "ავერსის" კლინიკაში რჩება.

გარდა ამისა, ადგილობრივები ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს იხსენებენ. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ორსული ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად მეხუთე სართულზე იმყოფებოდა, ჩამონგრეულმა აივანმა კი მეოთხე სართულზე მყოფი ქალიც მოიყოლა.

თუ რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ამაზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ შენობის ავარიულობის გამო მათ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბრალდებას უარყოფენ მუნიციპალიტეტში და ამტკიცებენ, რომ მერიაში ამ მიმართულებით განცხადება არ შესულა და არც შენობა იყო ავარიული. 

ცნობისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. ერთი ორსული იყო. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. სრულად არის ჩამონგრეული მე-4 და მე-5 სართულის აივნები. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა, ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

დღის ამბები