15 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
გემი სანქცირებული ტვირთით - ხოშტარია "ოცნებას" რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს, რა პასუხი გასცა "დროას" ლიდერს მმართველმა გუნდმა

სანქცირებული ტვირთით სავსე გემი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, კვლავ პოლიტიკური ბრალდებების საფუძველია ოპოზიციის მხრიდან. "ხელისუფლება ცდილობს, სანქცირებულ ტვირთებს საბუთები და წარმომავლობა ხელოვნურად შეუცვალოს" - აცხადებს ელენე ხოშტარია, რომელთანაც რუსული ფულის წარმომავლობაზე, თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს მმართველ პარტიას.

ბათუმის პორტიდან გაძევებული ტანკერი კომპანია "პეტროკასს" ეკუთვნის, რომლის მფლობელიც, თავის მხრივ, დავით იაკობაშვილია. ეს არის ელენე ხოშტარიას არგუმენტი, რომელიც აცხადებს, რომ გემზე "როსნეფტის" ტვირთი იყო მოთავსებული. ხოშტარიას დღეს დავით კეზერაშვილი არ უხსენებია, თუმცა დავით იაკობაშვილის ჰოლდინგი "პეტროკას ენერჯი" - "გალფის" მფლობელიცაა.

"ტანკერ ესენკას" საქმე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სანქცირებული ტვირთის გამო ქვეყნიდან გააძევა, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებაა ელენე ხოშტარიასთვის. პოლიტიკოსმა დღეს ზღვისპირა ქალაქში სპეციალური ბრიფინგიც გამართა და გემი ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს დაუკავშირა. 

თურქული კომპანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომ პეტროკასის ჰოლდინგში შედის, ეს გუშინ კომპანიამაც დაადასტურა. მმართველი გუნდის წევრებმა კი, ელენე ხოშტარიას დღეს ისიც შეახსენეს, რომ დავით იაკობაშვილი მისი თანამოაზრისა და ფინანსური მხარდამჭერის დავით კეზერაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორია. უმრავლესობა "დროას" ლიდერს რუსეთთან კავშირებზე ბრალდებების ნაცვლად, კვლავ მოსკოვიდან მიღებული ჰონორარების დოკუმენტაციის გასაჯაროებას სთხოვს.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობმზიდის საქმის შეფასება არაერთგვაროვანია ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან გაძევებულ ტანკერს სანქციების არიდების აპრობირებულ ნიმუშს უწოდებს. სხვა პოლიტიკურ ძალებში კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ საბაჟო კონტროლი გაამკაცროს, რათა შავი ხვრელების გაჩენის შესაძლებლობა გამოირიცხოს.

არასანქცირებული გემის შესახებ დღეს განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გემს ტვირთი საქართველოში არ შემოჰქონდა, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საერთაშორისო წესების მიხედვით მიიღო. პარლამენტის სპიკერი, ოპონენტებს თემით სპეკულირებისგან თავშეკავებას ურჩევს.

"ტანკერი ესენკა" ბათუმის პორტში 26 ივნისს შემოვიდა. თურქულ ნავთობმზიდზე სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის აღმოჩენის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გემს ქვეყნის ტერიტორიული წყლები 27 ივნისს დაატოვებინა.

დღის ამბები