"TV პირველის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი ინციდენტი ანრი ოხანაშვილთან ერთი წლის წინ პარლამენტში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდებოდეს.
"მინდა, ამერიკის ელჩს მივმართო, რომ აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს კადრები, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური ძალადობა. ეს კადრები თუ არ გაასაჯაროვეს, ეს იქნება ძალადობის წახალისება. მინდა ეს ესმოდეს ქალბატონის ელჩს.
რაც შეეხება ანრი ოხანაშვილს, ერთი წლის წინ ინციდენტი რომ იყო პარლამენტში, მას მე ვთხოვდი ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე პასუხს, ჩემი აზრით, მას ჰქონდა გულში ჩადებული და როცა ჩაუვარდა მომენტი, მან ქვეყნის იმიჯი დაიკიდა ფეხზე და ჯგუფურად გადაწყვიტა ანგარიშწორება მოეხდინა ჩემზე. ოხანაშვილმა მოჭრა თავი მთელ ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, ამერიკის საელჩოს გაარტყა ხელი. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა მოხდეს, ამერიკის საელჩოს მიღებაზე გადაწყვიტო ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს?! ჩემი აზრით, უნდა გადადგეს ის, იმიტომ რომ არის ქვეყნის სირცხვილი," - განაცხადა ვატო წერეთელმა.
ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაზე მოხდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი კი ამბობს, რომ მას დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხარეები შეერთებული შტატების ელჩს კადრების გასაჯაროებას სთხოვენ.