"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ისინი კომუნიკაციას როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველ გუნდთან დაამყარებენ და ამის მიხედვით გააკეთებენ საბოლოო არჩევანს.
"ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, ბუნებრივია, ჩვენ ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, მმართველ გუნდთან და კოლეგებთან ოპოზიციიდან. იმისდა მიხედვით, თუ როგორი პოზიციები ექნებათ მათ, გავაკეთებთ საბოლოო არჩევანს, თუ რა პროცესში და რა ფორმით მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი შესაძლებლობების მიმართ, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ, საბოლოო ჯამში.
არ მინდა, რომ რაღაც იმიტაციურ პროცესში მივიღო მონაწილეობა, როგორც, მაგალითად, საბჭო, რომელიც პოლარიზაციის მონიტორინგით იქნება დაკავებული, მაგრამ მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება რომ მართლა შანსია, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ," - აცხადებს რაქვიაშვილი.