"ქართული ოცნების" წევრებმა ქვეყნის მთავარ გამზირზე დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აქციის ორგანიზატორების მიზანი ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებაა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გარკვეულ ჯგუფებს არ სურთ ქვეყანამ ევროკომისიის 12 დავალება შეასრულოს.
"ამ აქციის მიზანია სწორედ ის, რომ დეპოლარიზაცია არ მოხდეს, შეთანხმებული მუშაობა პარლამენტში - არ მოხდეს, ტორპედირება მოხდეს საქართველოს როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით და რა თქმა უნდა შენიღბულად, მაგრამ რეალურად აგრეთვე ამ 12 რეკომენდაციის შესრულებას რომ შეუშალონ ხელი. ეს არის ძირითადი მიზანი და ხაზი ამ აქციისა, რომელიც დღეს იგეგმება," - ამბობს ქადაგიშვილი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი მცდელობაა, საზოგადოების ქაოსში ჩასათრევად.
"ეს არის ხელმოცარული "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა ნომერი სამი, რომ საზოგადოება აიყოლიოს და ჩაითრიოს აი ამ დაძაბულობაში და ქაოსში. რის შედეგადაც მათი ჭკუით ჩამოაგდებენ მთავრობას, შეიქმნება ტექნიკური მთავრობა და შემდეგ იბერია გაბრწყინდება - ზღაპრები და სისულელეები. რეალურად ამოცანა და მიზანი ის არის, რომ დღეს, ორგანიზატორები ვინც არიან ამ აქციის, ყველა არის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებაში," - განაცხადა ზარქუამ.