ოპოზიციის ნაწილი გუშინდელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების შეცდომაზე საუბრობს, რის გამოც, მათი შეფასებით, აქციის მუხტი დავარდა. "გირჩი" მიიჩნევს, რომ აქციის დროს ბევრი შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
"გუშინ რაც გააკეთეს აქციის ორგანიზატორებმა, ეს იყო შეურაცხყოფა ადამიანების მიმართ. როგორც ცხვრებს, ისე მოეპყრნენ. აქეთ იქით ასეირნეს... არანაირი შინაარსი არ ჰქონდა ამას. მე მგონი ეს დაუშვებელია და თუ მართლა ევროპულობის მაგალითის ჩვენება უნდათ, ორგანიზატორები უნდა შეეშვან ამ ისტორიას. როდესაც ერთ დღეს მიტინგზე 100 000 ადამიანი გამოდის, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ასეთი მუხტი ასე როგორ უნდა დაანგრიო? ერთადერთი რაც დარჩა, არის, თქვან, რომ ამას მეტჯერ აღარ გააკეთებენ. თუმცა, როგორც ღარიბაშვილი არ გადადგა თავის დროზე, ეჭვი მაქვს, რომ ისინიც იმავენაირად მოიქცევიან," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ როცა აქციის მონაწილეები მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას ხედავენ, მუხტი იკარგება.
რაც შეეხება ენმ-ს, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს, რომ მათ უკანონო ქმედებებს არ შეეგუებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მისი თქმით, საზოგადოებამ ბრძოლისუნარიანობა დაამტკიცა.
"რთულია, რა თქმა უნდა, ავტოკრატიული რეჟიმების დამარცხება, მაგრამ გარდაუვალია. თუკი ვინმე დღეს უიმედო მდგომარეობაშია და მხარდაჭერას კარგავს, ეს არის "ქართული ოცნება," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.