26 დეკემბერი 2024,   14:20
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს - მთავრობა 6 საკითხს განიხილავს

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ერთი საათია მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. მთავრობა 6 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა და საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო სტრატეგია.

მთავრობის სხდომა 14:00 საათზე დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართებოდა, პროტესტი დილიდან დასარტყამი ინსტრუმენტების, სტვენის და განგაშის სიგნალის ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვის მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა იყო.

მათმა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. დილით იყო მცირე დაპირისპირებაც, როცა პოლიციამ მათ მოუწოდა დაეტოვებინათ ე.წ პარკინგის ტერიტორია, იქ სადაც ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელია. აქცია დაახლოებით 12 საათისთვის დასრულდა. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი მიზანი მიღწეულია, რადგან მთავრობის სხდომის გამართვა 11:00 საათზე ვერ შეძლეს.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე არც პრემიერსა და არც მინისტრებს საპროტესტო აქიაზე და აქციის მთავარ მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია, გუშინდელი აქციის გაგრძელება იყო, რომლის მთავარ მოთხოვნასაც პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

დღის ამბები