26 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
2 გეგმა და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - ვინ როგორ აპირებს ევროპული მიზნის მიღწევას და ვინ უერთდება "ქართული ოცნების" შეთავაზებას

2 გეგმა და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია - ხელისუფლებასა და ოპოზიციას დავალების შესრულების განსხვავებული ხედვები აქვთ. მმართველი პარტიის შეთავაზების ფონზე, ოპოზიციამ დღეს კოლეგა პარტიებთან კონსულტაციები გამართა. პოლიტიკური პარტიები "ქართულ ოცნებას" სამუშაო ჯგუფების შექმნის ნაცვლად, რიგგარეშე სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის ნაწილს სახელისუფლებო გუნდის გეგმა დროის გაჭიანურებად მიაჩნია და ამ ფორმატში მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციას, პარლამენტის თავმჯდომარე მისასალმებელს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპონენტები საკითხს საქმიან ჭრილში განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი სწორედ საკანონმდებლო ორგანოს შესასრულებელია და ფართო ჩართულობაც ამიტომაა მნიშვნელოვანი.

მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ პარტია "მოქალაქეებში". "გირჩს" კი კონკრეტული წინადადება აქვს, როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და რამ შეიძლება შეამციროს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაძაბულობა.

იმისთვის, რომ ბრიუსელის გზავნილები საქართველომ სწრაფად და სრულყოფილად შეასრულოს, მმართველი პარტია მის მიერ წარდგენილ გეგმაზე მუშაობას აქტიურად იწყებს. "ქართული ოცნება" მოწოდებას არ ცვლის და ოპოზიციას პროცესში დროული ჩართვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთი გზავნილი იქნება თუ რა სურს რეალურად ოპოზიციას.

დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა - ეს ის მიმართულებებია, რაზეც მომდევნო 6 თვის განმვალობაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ აქტიურად უნდა იმუშაონ. პოლიტიკურად დაპირიპირებული მხარეები, ევროპული მომავლისთვის ბრიუსელის პირობების შესრულების აუცილებლობაზე თანხმდებიან, თუმცა მთავარი უთანხმოება სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებაში აქვთ.

დღის ამბები