26 დეკემბერი 2024,   14:11
ვრცლად
4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა - ქვეყანა ამ დღეს 246-ედ აღნიშნავს, კოვიდპანდემიის შემდეგ ვაშინგტონი ამ დღეს მასშტაბურად პირველად აღნიშნავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ - ქვეყანა ამ დღეს 246-ედ აღნიშნავს! 

2019 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში პირველად აღინიშნება. კოვიდპანდემიამ შეერთებულ შტატებს უმძიმესი 2 წელი მოუტანა და მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც, პარკ სერვისის წინასწარი გათვლებით, ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს.

დღეს ისევ იმართება სმითსონიანის ფოლკლორული ფესტივალი და ტრადიციული აღლუმი კონსტიტუციის გამზირზე. კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ფლიგელს უბრუნდება ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც, სადაც კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყება. 9:09 წუთზე კი ყველა დაელოდება გრანდიოზულ ფოიერვერკს, რომელსაც ეროვნული მოლიდან გაუშვებენ.

უსაფრთხოების ზომები ვაშინგტონში გამკაცრებულია. განსაკუთრებით, მოეჩელას ფესტივალის შემდეგ, რომლის დროსაც ვაშინგტონში 15 წლის მოზარდი მოკლეს. ქალაქის თითქმის მთელი ცენტრალური ნაწილი გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობისთვის. მოქალაქეებს ურჩევენ მეტროთი მგზავრობას, თუმცა იკრძალება დიდი ნივთების გადატანა. ეროვნულ მოლზე მოქალაქეებს უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ უშვებენ.

ვაშინგტონის მერიის განკარგულებით, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გადაწყდა ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში და იმ უბნებში, სადაც ღამის ცხოვრებაა. ეს არის U სტრიტის კორიდორი, ასევე ქალაქის ჩრდილოეთ აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ დასავლეთის უბნები.

დღის ამბები