15 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ეს შანსია ოპოზიციისთვის, რომ მიიღოს ხელისუფლების საქმიანი თანამშრომლობის წინადადება - მმართველი გუნდი რიგგარეშე სესიების საკითხზე

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ოპოზიციის ინიციატივას და რიგგარეშე სესიების ჩანიშვნას გამორიცხავს. მათი შეფასებით, რიგგარეშე სხდომები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს ან იმ შემთხვევაში ინიშნება თუ კანონპროექტები კომიტეტებში უკვე განხილულია. "ქართული ოცნების" განცხადებით, ოპონენტებს უკვე შესთავაზეს საქმიანი სამუშაო ფორმატი და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მასში მონაწილეობისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვის წინამორბედი კონსტრუქციული კამათი და დავა უნდა იყოს.

"ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ საქმიანი ფორმატები, საქმიანი გარემო არის ჩვენი მთავარი მიზანი, მათ შორის არასამთავრობოების და ჩვენი ოპონენტების მონაწილეობით, სერიოზული დოკუმენტები უნდა შეიქმნას და რასაკვირველია დავა, კონსტრუქციული კამათი, თუნდაც დაპირისპირება, უნდა იყოს წინამორბედი საკითხების განხილვისა პლენარულ სხდომებზე," - აცხადებს ვოლსკი. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი ამბობს, რომ ეს შანსია ოპოზიციისთივს, გააკეთონ სწორი არჩევანი და მიიღონ მმართველი გუნდის შეთავაზება საქმიანი თანამშრომლობის შესახებ.

"დეპოლარიზაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, ერთ სამუშაო ჯგუფში და დავიწყოთ ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის სწორედ ის მომენტუმი, შანსი ოპოზიციისათვის, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჩართულობით, საქმიანი თანამშრომლობის წინადადება," - თქვა ტალიაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მას სურს ოპოზიციას შეახსენოს, რომ სესიებს შორის პერიოდი პარლამენტარების დასვენებას არ ნიშნავს.

"მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ოპოზიციასაც, რომელსაც მეცადინეობა ნამდვილად სჭირდება რეგლამენტში, რომ სესიებს შორის პერიოდი არ ნიშნავს პარლამენტარების დასვენებას. ეს ნიშნავს რომ საკომიტეტო მუშაობა გრძელდება, კანონპროექტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი - ამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და როდესაც მომზადდება საკითხები საშემოდგომო სესიაზე ეს იქნება განხილული," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები